logo
ENG



არჩევნები, პანდემია, მედიის თავისუფლება, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა HRW-ის ანგარიშში

14 იან 202109:39
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 

მასში 31 ოქტომბრის არჩევნებზე, პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებებზე, სამართალდამცველთა მიერ დანაშაულების არასათანადო გამოძიებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ნარკოპოლიტიკაზე, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობასა და შრომით უფლებებზეა საუბარი. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ  საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა. გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტით უპასუხა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისადმი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა.

HRM წერს, რომ 2020 წელს პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები.

რა წერია ანგარიშში: 

კოვიდ-19 და ადამიანის უფლებები

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველო მალევე მთლიანად ჩაიკეტა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აეროპორტები და საზღვრები ჩაიკეტა, ქვეყნის შიგნით  გადაადგილება შეიზღუდა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რაც დაახლოებით 600,000 სკოლის მოსწავლეს შეეხო. ხელისუფლებამ კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა, ოთხი უდიდესი ქალაქი ჩაკეტა და პირველი თვეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლო.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ამ უმძიმესი შედეგების შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ინდივიდებისთვის სოციალური დახმარების პაკეტს, ხოლო ბიზნესისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს.

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. თუმცა, წინა დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, პარლამენტმა მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, შეეზღუდა საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამ უფლებამოსილების ვადა პარლამენტმა მთავრობას ჯერ 15 ივლისამდე განუსაზღვრა, შემდეგ კი 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

საპარლამენტო არჩევნები

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ მართალია, არჩევნებში გამარჯვებით „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის, უარს ამბობდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება“ საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს. მათი თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, კენჭისყრის ფარულობის მრავლობითი დარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები. არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

ორგანიზაცია საუბრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლის საფუძველზეც შეიცვალა საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე შემცირდა. 

ანგარიშში აღნიშნულია გენდერული კვოტირება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა თუ საარჩევნო ბლოკებს ავალდებულებს, რომ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების  25%-ს ქალები წარმოადგენდნენ.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

ორგანიზაციის ანგარიშში ლაპარაკია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებაზე.

მითითებულია, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ შემთხვევებთან მიმართებით რჩებოდა, რომლებიც „სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის“ ამოქმედებამდე იყო ჩადენილი.

"2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის შეფასებით, რომელიც საქმის წარმოებას აკვირდებოდა, გამოძიება „ორიენტირებულია მხოლოდ რიგითი პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის დადგენაზე". - წერია ანგარიშში. 

მედიის თავისუფლება

HRW მედიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების ჭრილში აჭარის ტელევიზიასა და მთავარ არხზე ლაპარაკობს. 

ანგარიშში აღწერილია აჭარის ტელეფიზიაში განვითარებული მოვლენები, როცა, თანამშრომლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩაარევის გამო პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც არხის ხელმძღვანელობამ მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძე და გათავისუფლების საფუძვლად მაუწყებლის შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დაასახელა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე.

HRW ასევე ყვება ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრების გათავისუფლებაზეც, რომელთა რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება მთავარ არხს - ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტი, რომ არხზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ამ რეპორტაჟში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ოფიციალური პირები კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს აყალბებდნენ და სხვა უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა.   

HRW-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა ცვლილებები საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რითიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს.

ადამიანის უფლებები

HRW-ის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო, რითიც გაფართოვდა „შრომის ინსპექციის“ მანდატი და მან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შრომის სტანდარტის შემოწმება მოიცვა. ცვლილებებით ასევე დარეგულირდა ყოველკვირეული სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის ცვლები, სავალდებულო ყოველკვირეული დასვენება და ცვლების დროს შესვენებები.

ორგანზიაციის შეფასებით, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების და მუშაობის სათანადო პირობები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა.

ივნისში ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა მას შემდეგ, რაც 22 მეშახტე რამდენიმე საათით შახტაში ჩარჩა ლიფტის გაუმართაობის გამო. მარტში კი იმავე საწარმოს სამი მეშახტე ჰოსპიტალიზებული იქნა აირით ინტოქსიკაციის გამო.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

Human Rights Watch მიუთითებს, რომ ხელისუფლება კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე. გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის სამუშაოს მოძიებაში.

"რამდენიმე შემზარავმა შემთხვევამ აჩვენა, როგორ გააუარესა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა, რომელთა უმრავლესობაც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. აპრილში ტრანსგენდერმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და მთავრობისგან დახმარება მოითხოვეს, რადგან მათ შემოსავალი და ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს. ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე თავის დაწყვა სცადა. ადგილობრივმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რადგან ის უგულებელყოფდა ტრანსგენდერი ქალების და ქვიარ ადამიანების სოციალურ საჭიროებებს, რომელთა უმრავლესობასაც ოჯახების მიერ უარყოფის და სოციალური გაკიცხვის გამო დახმარების ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია".- წერია ანგარიშში. 

ნარკოპოლიტიკა

HRW-ის განცხადებით, პრობლემურია ისიც, რომ ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.

ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს. თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა.


close დახურვა